საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00-04:00 საათამდე იმოქმედებს
2021-06-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხები განიხილეს. ამასთან, საბჭო ვიზიტორებს მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 343 943 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 327 618 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 773 ადამიანი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |