საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
2021-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|