საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით
2021-07-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას ხაზი გაესვა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ თანამიმდევრულ ნაბიჯებს, მათ შორის შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და აღინიშნა, რომ ამ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასა და მდგრადობას. შეხვედრაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად შესწავლისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებით, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას. ევროკომისარმა ვარჰეიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობის გზით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|