საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთში ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება, ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი
2021-07-08
მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. „გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ ყოველი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის და მთლიანობაში, ჩვენი ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება გადაადგილება და ეს რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან აქტიური მუშაობისთვის ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში, სამუშაოები უახლოეს ორ კვირაში დაიწყება და ჯამში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. „ირაკლი ქარსელაძემ და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. მე გავეცანი პრეზენტაციებს. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ურბანული განახლების პროექტები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ახალი აღმშენებლობა და ახალი სტანდარტი, რაც არის ევროპული სტანდარტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დაასრულა და ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დღეიდან იხსნება. გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე; მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი აბდულაზიზ ფაგი; მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|