საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, დასაქმდება 2 000 ადამიანი
2021-09-08 ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი", ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აუთლეტ ვილიჯის" პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია, კომპანია „დომუსი" ახორციელებს. მთავრობის მეთაურმა კომპანია „დომუსს", ინვესტორებსა და პროექტში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა. „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი" 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. „აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|