საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო ,,მეტეხის კერამიკა'' დაათვალიერა
2021-09-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში" იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრს საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო. საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა. 2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60 პროცენტითაა გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის აპირებს გამოუშვას 15 მლნ აგური. რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით. საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|