საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი გორში აღდგომის მშენებარე ტაძარს, გორისა და ატენის და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტებს ეწვია

2021-09-14

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გააცნო. პრემიერმა მეუფეს ტაძრის მშენებლობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

გორის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტაძრის დასკვნითი ნაწილის - გუმბათის და ცენტრალური თაღის მშენებლობა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით და ტაძრის შემოწირულობების საშუალებით შესრულდა. 

გორის აღდგომის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი იქნება გორის ეპარქიაში.
პრემიერ-მინისტრი დღესვე, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობს ეწვია. მეუფემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა მეუფე იობს კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა მღვდელმთავრებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, მთავრობასა და ეკლესიას შორის ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა არსებობს. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად, მეუფეებთან იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური