საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2021 წლის ანგარიში წარუდგინა
2021-12-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, ასევე ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. პრემიერმა სიტყვით გამოსვლა მოსახლეობისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ კი, მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსავე უნდა დავუბრუნოთ. ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ არავის დავუხრით თავს, არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არც ერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არც ერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება!" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს დაგეგმილია მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს და 5 500 დოლარს გადააჭარბებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მთავრობამ ქვეყანაში 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოიტანა, დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას", - აღნიშნა პრემიერმა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ასევე ყურადღება დაუთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. „ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა, ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „დღეს, როდესაც ჩვენი საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ და შემდგომ განვითარებაზე ვმსჯელობთ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეული სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მადლობა ყველა მინისტრს გაწეული საქმისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს, მადლობა პარლამენტს, პარლამენტის თითოეულ წევრს და ჩვენი ძლიერი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმატებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ჩვენს ხალხს! პრემიერ-მინისტრის ანგარიშს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ანგარიში ვრცლად იხილეთ: gov.ge
|