საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
2016-08-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან, როგორც პირისპირ, ისე - გაფართოებულ ფორმატში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.
|