საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

4 დეკემბერს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამის შესაბამისად, 5 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა სიეტლში გამართულ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელმაც ამერიკის და საქართველოს საქმიანი წრეების დიდი ინტერესი გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მიმზიდველი ბიზნესგარემო კარგ პირობებს ქმნის ქვეყანაში ინვესტიციების, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისათვის.

კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდა აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ევროპის საკითხებში პოლ დიკი (Paul Dyck). მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მთავრობა ხელს შეუწყობს და წაახალისებს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების განვითარებას საქართველოსთან, როგორც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორთან.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პირველმა დღემ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. აშშ-ს საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (US Overseas Private Investments Corporation) ორ დოკუმენტს მოაწერა ხელი ჯმთ ჯგუფთან. პირველი გულისხმობს 4 მილიონიანი სესხის გამოყოფას საქართველოში სანტეს ქსელის გაფართოებისათვის, ხოლო მეორე - აშშ-ს საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის ჩართვას იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც მთაწმინდაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გულისხმობს.

ხვალ პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება საკრამენტოში, სადაც სიტყვით გამოვა დევისის უნივერსიტეტში; ასევე მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ მიღებაზე.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი