საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 24 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 21 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნამახვან ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ნამახვან ჰესის საკითხი, ქვეყნის ეკონომიკისათის და ინვესტორების წახალისებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ჰესის სია გამოვაქვეყნეთ, რომელთა შესახებ გვსურდა მოლაპარაკება გვეწარმოებინა. რამოდენიმე კომპანია გამოგვეხმაურა. ერთ-ერთი სამხრეთ კორეული კომპანია "კეპკო" იყო, მეორე კი თურქული კომპანია "ნუროლი", რომელთანაც ჩვენ თითქმის ერთი წელია ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვგულისხმობ, ნამახვანზე კასკადის მშენებლობას. ეს არის 3 ჰესისგან შემდგარი, 450 მგვტ-იანი კასკადი.

დღეს, იმ ხელშეკრულების მემორანდუმს განვიხილავთ, სადაც მთავარი საკითხები იქნება გაწერილი. თუ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, იმედია ეს დეკემბერში მოხდება, „ნუროლს" და „კეპკოს" კონსორციუმს შეეძლება ერთი წლის განმავლობაში დაამუშაონ ამ ჰესის საბოლოო დიზაინი და მომავალი წლის ბოლოს წარმოგვიდგინონ საბოლოო გეგმა, ხოლო 2011 წლიდან დაიწყონ სავარაუდოდ მშენებლობაც. ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ჯამში დაახლოებით 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიციას შეადგენს. ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ენერგო უსაფრთხოების 100%-იანი გარანტი მომავალში და უზარმაზარი საექსპერტო პოტენციალი. როგორც მოგეხსენებათ, „ნუროლი" არის თურქული კომპანია, რომელიც თვითონვე მოიხმარს საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას და ამ ელექტროენერგიის ნაწილი თურქეთში იქნება ექსპორტირებული. ამით ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო ბალანსი გამოსწორდება," - განაცხადა ნიკა გილაურმა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ენერგეტიკის მინისტრს სთხოვა.

ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, ზამთრის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება. ხოლო დანარჩენ თვეებში ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად თურქეთის მიმართულებით განხორციელდება.

ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ენერგეტიკულ სფეროში მსგავსი პროექტი აქამდე არასდროს განხორციელებულა.

პრემიერ-მინისტრის პრესსცენტრი