საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ილია დარჩიაშვილი - გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ამოსაბეჭდი ვერსია

2022-03-01

გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში.

პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.

ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში.

საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირი დახმარება ეწევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის. საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური