საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-24

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს.

აღინიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის" და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის" შემუშავების პროცესში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა, ხელი შეუწყონ საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალია ელ-იასირი, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელი კაორი იშიკავა და მისი მოადგილე თამარ საბედაშვილი ესწრებოდნენ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური