საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 10 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის10 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 45 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2012 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

"მოგესალმებით. მთავრობის წევრებს და საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტზე ინფორმაცია მინდა მივაწოდო.

2012 წლის ბიუჯეტი განვიხილეთ როგორც პრეზიდენტთან, პარლამენტის წევრებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ყველაზე მნიშვნელობანი ცვლილება, რომელიც 2012 წლის ბიუჯეტში შედის, პენსიების და დაზღვევის საკითხებია.

2012 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერს სადაზღვევო 15 ლარიანი "საბაზისო ვაუჩერი" დაურიგდება. მომავალში ტენდერის ან აუქციონის შედეგად შეიძლება ეს ვაუჩერი ფასში შემცირდეს, მაგრამ საბაზისო თანხა არის 15 ლარი. ვაუჩერი მოიცავს საკმაოდ ბევრ სერვისს: ექიმთან უფასო გასაუბრებას, სხვადასხვა ტიპის უფასო ანალიზს, 80%/20% ოპერაციების თანადაფინანსებას, ოპერაციების გარკვეული ნაწილის ულიმიტო დაფინანსებას და ა.შ.

ერთერთი საუკეთესო პაკეტია, რომელზეც მოვილაპარაკეთ სადაზღვევო კომპანიებთან და ვთავაზობთ ჩვენს პენსიონერებს.
რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? - ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჯანდაცვის სექტორი და სადაზღვევო სექტორი ვითარდება, მაგრამ ხანდაზმული ადამიანების დაზღვევა პრობლემა იყო და რჩება. მაგრამ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს საერთაშორისო პრობლემაა.

როდესაც ინდივიდუალურ რისკზეა საუბარი, სადაზღვევო კომპანია მას საკუთარ თავზე ვერ იღებს. ხოლო როდესაც ჯგუფურ რისკზეა საუბარი, სადაზღვევო კომპანიას ამ რისკის აღება უკვე შეუძლია. შესაბამისად, მომავალი წლის 1 სექტემბრიდან დავაზღვევთ 670 ათას პენსიონერს. აქედან გამომდინარე სადაზღვევო პაკეტის ფასი არ არის მაღალი და მოიცავს საკმაოდ ბევრ კომპონენტს.

ასევე დაზღვეული იქნება 0-დან 5 წლამდე ყველა ბავშვი. საბავშვო სადაზღვევო პაკეტი ცოტა განსხვავებულია, შემცირებულია წამლის ნაწილი და, შესაბამისად, ფასიც შემცირებული იქნება.

ამ რეფორმის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია პენსიების ზრდა 67 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისათვის. საუბარია 140 ლარიან ჯამურ საპენსიო პაკეტზე. 140 ლარიან საპენსიო პაკეტში შევა 15 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი და 125 ლარიანი ხელზე ასაღები თანხა. 125 ლარი მოიცავს სტაჟის დანამატს და არსებულ პენისას. ანუ, ვინც დღეს იღებდა 100 ლარს, დამატებით აიღებს 25 ლარს და სადაზღვევო პაკეტს. ვინც იღებდა 110 ლარს, დამატებით აიღებს 15 ლარს და სადაზღვევო პაკეტს.
ეს არის ჩვენი შემდეგი რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. პენსიონერები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ვერ ეზღვევა, ჯანდაცვა მათთვის ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ჩვენ ამ პრობლემას მათ გავუმარტივებთ.

ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, უახლოეს დღეებში ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტს წარუდგენს პარლამენტს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური