საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის1დეკემბრის მთავრობის სხდომა

 2011 წლის1დეკემბრის მთავრობის სხდომა2011 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 100 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მაკროეკონომიკურ მაჩვენენებლებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. საზოგადოებას და მთავრობის წევრებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებული ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ინფლაციასთან მიმართებაში გვაქვს 11 თვის შედეგები, აგრეთვე მესამე კვარტლის შედეგები პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

ნოემბრის თვის ინფლაცია 1,9%-ზე დაფიქსირდა, ვგულისხმობ 12 თვიან ინფლაციას. გასული წლის ნოემბერთან შედარებით ფასები ჯამში გაზრდილი 1,9%-ით. ეს ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში, ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთვისაც.

მოგეხსენებათ, რომ მაისში ინფლაციამ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია, ასული იყო 14,2%-14,3%-ზე. შემდეგ, როგორც მოველოდით, ინფლაციის მაჩვენებელი ჩამოვიდა ქვევით და ნოემბერში 1,9%-ზე დაფიქსირდა.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის პირდაპირ ინვესტიციების მაჩვენებელი. ის აღნიშნავს, თუ რაოდენ დიდია საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკისადმი. მესამე კვარტალში დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ციფრი - 256 მლნ დოლარი, რაც ყველაზე მაღალი ციფრია 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული.

კარგია, რომ ზრდის ტენდენცია არის და ჯამური სამი კვარტლის მაჩვენებელი არის 633 მლნ დოლარი. ეს ასევე ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები და მაღალი შემოდინებები ფიქსირდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ევროპაში ეკონომიკური კრიზისია და ინვესტორები ეძებენ ახალ ბაზრებს ინვესტიციების განსახორციელებლად.

ამ მომენტში საქართველო ხდება ერთერთი მიმზიდველი ბაზარი და იმედი მაქვს, რომ ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური