საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 29 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 29 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 51 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:
"მოგესალმებით. დღეს, 2011 წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ. მთელ საქართველოს წინასწარ მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი, წარმატება ვუსურვო, ყველას მადლობა გადავუხადო 2011 წელს გაწეული სამუშაოსთვის. არ იყო მარტივი წელი, 2011 წელს ბევრი გამოწვევა გვქონდა, ბევრი პრობლემა იყო, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო.

2011 წლის დამატებით ანგარიშს საზოგადოებასტრადიციულად ხვალ, 30 დეკემბერს წარვუდგენ. ჟურნალისტებთან 2011 წლის შედეგების საკმაოდ ვრცელი განხილვა გვექნება. წარმოვადგენთ იმ მონაცემებს, რაც ამ ეტაპზე 2011 წლის შესახებ გვაქვს და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი.

2011 წელს 14 მლრდ დოლარიანი მთლიანი შიდა პროდუქტით ვასრულებთ, ანუ ჯამში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი არის 14 მლრდ დოლარი.
თითო მოსახლეზე დაახლოვებით 3150 დოლარი, რაც 2003 წლის ციფრებთან შედარებით, 3,3-ჯერ გაზრდილია. 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 920 დოლარი იყო. მომავალ წელს ვგეგმავთ საკმაოდ კარგ ზრდას, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მიაღწევს 3500 დოლარს.

თქვენი ყურადღება მომავალი წლის პრიორიტეტებზე მინდა შევაჩერო.

მომავალი წლის ბიუჯეტი 8,5 მლრდ ლარზეა დაგეგმილი, რაც 11 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 2003 წელს იყო საქართველოს ბიუჯეტი. 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტი არის უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წელს.

2003 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 8 მლრდ ლარი იყო, 2012 წლის მხოლოდ ბიუჯეტი არის 8,5 მლრდ ლარი. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, იგი 26, 5 მლრდ ლარი იქნება. ძალიან საგრძნობი წინსვლა და ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მინდა აღვნიშნო რამოდენიმე მიმართულება. პირველი, სოციალური სფერო და ჯანდაცვა. ბიუჯეტის 29,6%-ი სოციალურ სფეროზე და ჯანდაცვაზე დაიხარჯება. ერთერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც მომავალ წელს გვაქვს დაგეგმილი, საპენსიო პაკეტის რეფორმაა. მომავალი წლის 1 სექტემბრიდან 67 წელს ზემოთ მყოფ ყველა პენსიონერს ექნება საპენსიო პაკეტი, რომელიც შეადგენს 140 ლარს. 140 ლარში შევა თანხა და სადაზღვევო ვაუჩერი, პაკეტი. გარდა ამისა, ყველა პენსიონერი და 0-დან 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იქნება დაზღვეული. მომავალი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება. ჯამში ამაზე დახარჯული იქნება ბიუჯეტის 29,6%-ი.

2012 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონულ გამნვითარებაზე ბიუჯეტის 20%-ი იქნება დახარჯული. ამაში შედის საგზაო ინფრასტრუქტურა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ქუთაისი-ზესტაფონის გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, წყლის ინფრასტრუქტურა. სრულიად საქართველოს მასშტაბით წყლის ინფრასტრუქტურაში პირველად იქნება დახარჯული საკმაოდ დიდი თანხა. მაღლი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომელიც შედის ინფრასტრუქტურულ პროექტებში და რომლის ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება.

წლევანდელ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი ბიუჯეტის თანხების ზრდა გვაქვს ორი მიმართულებით: ეს არის განათლება, განათლებაში დაფინანსების ზრდა არის 40 მლნ ლარი, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ამის შესახებ რამოდენიმეჯერ უკვე ვისაუბრეთ; სოფლის მეურნეობა, წლევალნდელ წელთამნ შედარებით, მომავალ წელს დაფინანსება 30%-ით იზრდება. აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, თუნდაც ვაუცერი, რომლის დარიგება ახლა დაიწყო. ახალი პროექტია, რომელსაც განვახორციელებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ წარმატებუილი პროექტი იქნება.

ეს არის 2012 წლის მთავარი მიმართულებები და ამოცანენბი. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ჟურნალისტები მინდა დავპატიჟო და ვესაუბრო 2011 წლის შესახებ: რა წარმატებები და პრობლემები გვქონდა, რა გავაკეთეთ და რა ვერ გავაკეთეთ. 2011 არ იყო მარტივი, თუმცა საკმაოდ წარმატებული წელი იყო."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური