საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრაზილიაში

2012 წლის 13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბრაზილიაში გაემგზავრა.

ბრაზილიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიის საგარეო ურთიერთობების მინისტრს ანტონიო პატრიოტას შეხვდა.

ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან, მიშელ ტემერთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილია საქართველოს პარტნიორი ხდება. ბრაზილია დღეს მთელ მსოფლიოში გლობალური მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი საქართველოს მხარდაჭერა გაეროში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. პირველი ნაბიჯები იდგმება ქვეყნების დაახლოებაში, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა."

ვიზიტის ფარგლებში ბრაზილიაში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი (Open Government Partnership - OGP), რომელსაც ესწრებოდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ კონფერენციაზე წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. გაგიზიაროთ კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალე ინსტიტუტებისა და გახსნილი მთავრობის შექმნის ჩვენი გამოცდილება. ძალიან მოკლე პერიოდში, 8 წელიწადში, მთლიანი შიდა პროდუქტი 3-ჯერ გაიზარდა; სიღარიბე 40%-დან 10%-ზე ჩამოვიდა. მნიშვნელოვნად შემცირდა დანაშაულის მაჩვენებელი. 2011 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილია. ჩვენი ქვეყანა გახსნილი მმართველობის შესანიშნავი მაგალითია. ბოლო 8 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირების ტემპი, ყველაზე სწრაფი იყო არამარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოშიც.

ჩვენ არ აღმოგვიჩენია ოქროს ან გაზის ახალი საბადოები, არ შეგვიცვლია გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. საქართველოს წარმატების მთავარი ფორმულა გახსნილი მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, გამჭვირვალე და ეფექტური ინსტიტუტების შექმნაა. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითებს: 21-დან 6-მდე შევამცირეთ გადასახადები. ამის მიუხედავად, საგადასახადო შემოსავალი 17%-დან 27%-მდე გაიზარდა.

კიდევ ერთი მაგალითი - ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის თანახმად, საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა. ჩვენთან ბევრი ლიდერი ჩამოდის რეფორმების შესასწავლად. მაგრამ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ.
2011 წელს დავიწყეთ საჯარო მომსახურების ახალი იდეის განხორციელება და სრულიად ახლებული სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს. მათ ერთ შენობაში უწევენ ყველა სახის მომსახურებას. მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ინიციატივა სახელწოდებით "საქართველოს რეფორმები და პარტნიორობა". გთავაზობთ გამოიყენოთ ეს ვებ-გვერდი თქვენი რეფორმების, მიღწევების გასაზიარებლად. ამით ბევრს ვისწავლით ერთმანეთისგან და წინ წავიწევთ, უფრო სწრაფად და უკეთესი ცოდნით წარმატებების მისაღწევად," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

Ulysses Guimarres Convention Center-ში გაიხსნა საქართველოში გატარებული რეფორმების ამსახველი გამოფენა.

ასევე გაიმართა ნიკა გილაურის და ტანზანიის პრეზიდენტის, ჯაკაია კიკვეტეს (Jakaya Kikwete) შეხვედრა.

სან-პაულუში ნიკა გილაური შეხვდა FIESP-ის (Federation of the Industries of the State of São Paulo) პრეზიდენტს პაოლო სკაფს, FGV-ს (Fundação Getúlio Vargas) საერთაშორისო პროექტების დირექტორს ანტონიო კარლოს კფური აიდარს (Antonio Carlos Kfouri Aidar), EMBRAER-ის კომერციული ავიაციის პრეზიდენტს პაოლო ცეზარ სილვას, სან-პაულუს სოფლის მეურნეობის ფედერაციის (Federation of Agricultural of the State of São Paulo) პრეზიდენტს ფაბიო მეირელესს, სან-პაულუს გუბერნატორს ჯერალდო ალკმინს და FECOMERCIO-ს (Federation for the Trade of Goods and Services of the State of São Paulo) პრეზიდენტს აბრამ სზაჟმანს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური