საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნორვეგიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს იენს სტოლტენბერგს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "(ნორვეგია) მხარს უჭერს, რომ საქართველომ კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგას ნატოსთან ურთიერთობებისკენ."

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ავღანეთში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანაა, იმ რეფორმების გათვალისწინებით, რაც უკვე გაკეთდა საქართველოში, ნორვეგია, რა თქმა უნდა, ამის მხარდამჭერი იქნება. ამა წლის სექტემბერში ახალი ჰესების მშენებლობა დაიწყება ნორვეგიული კომპანიის მიერ. ეს არის კასკადი, 3 ჰესის კასკადი და ჯამში 600 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდება საქართველოში ნორვეგიული ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ. ასევე არის სახელმწიფო კომპანიები, "სტრატკრაფტი" და სხვებიც, ძალიან სერიოზული პოტენციური ინვესტორები არიან ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ გვაქვს პრემიერ-მინისტრისგან გარკვეული პირობა იმისა, რომ ნორვეგიული სახელმწიფო კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და მათ ექნებათ პოლიტიკური მხარდაჭერა ნორვეგიის მთავრობისგან," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ოსლოში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ნიკა გილაურმა კორუფციასთან ბრძოლასა და კერძო ინვესტორებისათვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

"(ნორვეგია) ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 100%-ით ჰიდროენერგია (აქვს გამოყენებული), მათი მოხმარების 100% დაკმაყოფილებულია ადგილზე, ნორვეგიაშივე გამომუშავებული ჰიდროელექტროენერგიით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება ჰესების მშენებლობაში. ერთ-ერთი ყველზე უფრო გამოცდილი კომპანიები სწორედ ნორვეგიაში არის. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უკვე დაიწყო საქართველოსკენ, საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალისკენ ყურება. ერთ-ერთი კომპანია იწყებს ჰესების მშენებლობას, კასკადის მშენებლობას საქართველოში და, შესაბამისად, აქვს საკმაოდ დიდი დაინტერესება, რომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგოკონფერენციის შემდეგ.

აგრეთვე ნიკა გილაურმა ნორვეგიის პრინცს ჰააკონ მაგნუსთან გამართა შეხვედრა. პრინცმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სამეფო ტახტის მემკვიდრემ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ ქვეყნის გაცნობის მიზნით, საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური