საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2099

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

ა) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს~ გადაურიცხოს 21 800 000 (ოცდაერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად -11 200 000 (თერთმეტი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

ბ) ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის მიზნით -10 600 000 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი.".

ბ) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის N1358 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი