საქართველოს მთავრობა – წლიური ანგარიში

ანგარიში 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
წლიური ანგარიში
(2011 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)


საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ პასუხებს, რეზოლუციათა ასლებს. საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაცული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ვადები.
2011 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 79 წერილობითი განაცხადი, აქედან დაკმაყოფილდა 44 მოთხოვნა, 20 განაცხადი კი ზემოაღნიშნული კოდექსის მე-40 და მე-80 მუხლების შესაბამისად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო 15 შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცულ საჯარო ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული განცხადების განხილვისა და მასზე უარის თქმის დროს საქართველოს მთავრობის კანცელარია ხელმძღვანელობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სამ შემთხვევაში, სახელდობრ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივისა" და მოქალაქე როინ ნაოჭაშვილის მიერ. გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ დაკისრებია.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სხდომები იმართებოდა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რიგი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა ბრიფინგები და პრესკონფერენციები.