საქართველოს მთავრობა – წლიური ანგარიში

ანგარიში 2014

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

2014 წლის ანგარიში

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

2014 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 314 წერილობითი განცხადება (მათ შორის ორი შემთხვევა ეხება თავდაპირველად გაცემულ ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას), აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პასუხი გაეცა 277 მოთხოვნას (მათ შორის 23 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაცულ საჯარო ინფორმაციას, ხოლო სამ განცხადებაზე პასუხი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაგვიანებით); 31 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; სამ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე - გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად; დღეის მდგომარეობით 3 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იურიდიული დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინებით, იღებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რომელთა მიერაც ხდებოდა მოთხოვნილ ინფორმაციაზე კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება.

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა ორჯერ. ერთ შემთხვევაში სარჩელი გამოხმობილ იქნა მოსარჩელის მიერ, ხოლო მეორე სარჩელი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ წარმოშობია. საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონითა და „წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2013 წლის 14 ივნისის N275 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ასევე საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობის სხდომები იმართებოდა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის სხდომების საჯაროდ გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებულია საქართველოს მთავრობის სხდომების დღის წესრიგი და მიღებული გადაწყვეტილებები. მთავრობის ყოველი სხდომის შემდეგ იმართება საქართველოს მთავრობის წევრთა ბრიფინგები. საქართველოს მთავრობის ინიციატივის - „ღია მმართველობის" ფარგლებში სისტემატურად იმართებოდა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პრესკონფერენციები მთავრობისა და ცალკეული უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე შექმნილია საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ველი, სადაც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ქვეყნდება საჯარო ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. 2014 წლის ნოემბერში პროაქტიური ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დააფიქსირა ინფორმაციის განთავსების 100%-იანი მაჩვენებელი. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია ორი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების თაობაზე.