საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რუმინეთში

2014-06-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 ივნისს რუმინეთს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში რუმინეთს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას პირადი მიწვევით იმყოფებოდა. ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგას სამთავრობო რეზიდენციაში უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად რუმინეთში იმყოფებოდნენ მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრები. მთავრობის მეთაურებმა 22 ივნისს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის. მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან საგრძნობლად გაღრმავებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
"ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტისა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას,"-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
მანვე მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს წარმატებების გაზიარებისთვის. თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ კმაყოფილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრების რუმინეთში სტუმრობის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასადმი მხარდაჭერა.
2"მიხარია რომ აქ ვმასპინძლობ პრემიერ-მინისტრებს და ვუზიარებ ჩვენს გამოცდილებას. სულ მალე ევროკავშირთან ასოცირებას მოეწერება ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისკენ გზა უჭირავთ და ამ ქვეყნებში მაქსიმალურად დემოკრატიული რეფორმები ტარდება. ყოველთვის მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და კიდევ უფრო უახლოვდებიან ევროკავშირს,"-განაცხადა ვიქტორ პონტამ.