საქართველოს მთავრობა – ანგარიშები

ანგარიში 2013

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა

შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
2013 წლის ანგარიში

 

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი საზოგადობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა, რაც განაპირობებს დემოკრატიულ ქვეყნებში ბოლო წლებში ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

მთავრობა ვალდებულია ემსახუროს და ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. ამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და იცოდეს, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი, როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა, როგორ განისაზღვრება საჯარო პოლიტიკა. სწორედ ეს მისცემს საზოგადოებას შესაძლებლობას, თავად მონაწილეობდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ მისი მუშაობა იქნება გამჭვირვალე და საჯარო, თავის საქმიანობას წარმართავს ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის პრინციპით და უზრუნველყოფს ამ სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის - „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის" ფარგლებში განხორციელებულმა კვლევამ და შესაბამისმა სტატისტიკურმა მონაცემებმა გამოავლინა საქართველოში საჯარო ინფორმაციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დადებითი ძვრები.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით გაუმჯობესდა იმ საჯარო დაწესებულებებშიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. დღეს საჯარო დაწესებულებები გასცემენ იმგვარ საჯარო ინფორმაციასაც კი, რომელიც წლების განმავლობაში არ ექვემდებარებოდა გასაჯაროებას.

ინსტიტუტის მონაცემებით, არჩევნებამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნებისა - 30%-დან 11%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ასევე საჯარო ინფორმაციის არაუგვიანეს 10 დღის ვადის გაცემის დაცვის თვალსაზრისითაც. საპარლამენტო არჩევნებამდე, გაგზავნილი მოთხოვნების 54%-ის შემთხვევაში დარღვეულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადა, ხოლო შემდგომ პერიოდში ეს ვადა დაირღვა მხოლოდ 27%-ის შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ გააუმჯობესა თავისი რეაგირება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე, არამედ შემდეგი ნაბიჯიც გადადგა და 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ". 2013 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებები ვალდებული გახდნენ პროაქტიურად, დამატებითი მოთხოვნის გარეშე, გამოაქვეყნონ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, დადგენილებით განსაზღვრული ნუსხისა და ვადების შესაბამისად. ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია ერთიან ფორმატში, რაც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ადვილად დაამუშაოს, შეადაროს და გააანალიზოს სხვადასხვა უწყების მიერ პროაქტიურად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

2013 წლის 1 სექტემბრიდან შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ელექტრონულ ფორმატში, ელექტრონული რესურსის მეშვეობით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

„საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის ბრძანებით, უწყებაში განისაზღვრნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

2013 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 152 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ პასუხი გაეცა 131 მოთხოვნას (მათ შორის 8 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცულ საჯარო ინფორმაციას); 14 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; 5 განცხადებაზე კი მიმდინარეობს საქმისწარმოება.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის კანცელარია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.

გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იურიდიული დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინებით, იღებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, არც დავა არ მიმდინარეობს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოებში. ამდენად, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ წარმოშობია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ასევე საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობის სხდომები იმართებოდა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის სხდომების საჯაროდ გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებულია საქართველოს მთავრობის სხდომების დღის წესრიგი და მიღებული გადაწყვეტილებები. მთავრობის ყოველი სხდომის შემდეგ იმართება საქართველოს მთავრობის წევრთა ბრიფინგები. საქართველოს მთავრობის ინიციატივის - „ღია მმართველობის" ფარგლებში სისტემატურად იმართებოდა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პრესკონფერენციები მთავრობისა და ცალკეული უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიურად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე შეიქმნა საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ველი, სადაც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ქვეყნდება საჯარო ინფორმაცია მთავრობის კანცელარიის საქმიანობის შესახებ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ელექტრონული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის, კერძოდ:
• საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე -www.government.gov.ge - ერთიანად ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადმინისტრირება/განთავსება, შესაბამისი ვიზუალიზაციით (ფოტო/ვიდეო/ინფოგრაფიკა). ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ხდება სხვადასხვა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებების კონსოლიდირება და საზოგადოებას მიეწოდება ერთი ახალი ამბის სახით.
• დაუყოვნებლივ ხდება ქართულენოვანი მასალის თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება ინგლისურ და აფხაზურ ენებზე.
• შეიქმნა საქართველოს მთავრობის ერთიანი ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი, რომელზეც ოპერატიულად ხდება როგორც მთავრობის ვებგვერდიდან პრემიერ-მინისტრის შესახებ ყველა ინფორმაციის გადმოტანა, ისე სამთავრობო სტრუქტურებიდან ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსება, ვიზუალიზაცია.
• სიახლეა აგრეთვე ის, რომ მოქალაქეებს ოპერატიულად მიეწოდებათ კომპეტენტური პასუხები მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე შემოსულ ყველა ღია კითხვასა თუ კომენტარზე, შესაბამისი სამინისტროს ფეისბუქ-გვერდის სახელით, უშუალოდ საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდიდან.
• საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ფეისბუქის სოციალურ ქსელსა და სხვა სოციალურ არხებზე გადასასვლელ ბმულებზე მიბმულია არა კონკრეტული პირების, არამედ საქართველოს მთავრობის ოფიციალური არხები, რაც დადებითად შეაფასეს ადგილობრივმა არასამთავროებო ორგანიზაციებმა.