საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-27

2  3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საკუთარ სახლში უმასპინძლა.
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში;

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს რეგიონთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკაში.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გახსნეს და მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ გვერდში გიდგავართ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან. 2018 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის მხრიდან ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ძირეულ პრინციპებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება - გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე", -განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით.
„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას.
„აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისთვის. ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში... აშშ-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელმა.
მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.
ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებთან, რომლებმაც საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
პრემიერი ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო საზეიმო მიღებებს, რომლებიც აშშ-ის კონგრესსა და მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ვაშინგტონში ვიზიტისას, "ვოლტერ რიდის" ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოინახულა, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.

გიორგი კვირიკაშვილმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეებით ამაყობს.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით, კონკრეტული დაპირებებით.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, აშშ-ი დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი