საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-20

---------------

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 18-20 ივლისს, პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

ვიზიტი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. მანვე აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად.

აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მნიშვნელობაზე, არსებით პაკეტსა და შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

„ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს,"- განაცხადა გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენციისას.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ. მისივე განცხადებით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.

მამუკა ბახტაძემ მადლიერება გამოხატა მოკავშირეების მყარი პოზიციისადმი, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის" აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მამუკა ბახტაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ახალი სამთავრობო პრიორიტეტები და ინიციატივები, რაც დონალდ ტუსკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზე.

ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და აღნიშნეს, რომ განხორციელებული წარმატებული რეფორმები ხელს უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

„ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის რეკონსტრუქცია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. ამან მოახდინა მთავრობის მიერ რეფორმების მცდელობების კონსოლიდირება დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით,"- განაცხადა პრემიერმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციისას.

მისივე თქმით, ევროკავშირის როლი უდიდესია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე. მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ","- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

„მზად ვართ ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ," - მიმართა დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრს და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძემ შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან, რომელიც მამუკა ბახტაძემ საქართველოში მოიწვია.

შეხვედრებზე მკაფიოდ აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული წარმატებები და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დადასტურდა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მამუკა ბახტაძესთან ევროკომისიაში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს.

გამოითქვა იმედი, რომ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, შემუშავებული საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად, ხელს შეუწყობს საქართველოს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებას, რაც იოჰანეს ჰანის პირადი ინიციატივა იყო და რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურ ზრდას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოალბომი