საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-15

  ..  

...   ....

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მხარეებმა ყურადღება ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონულ საკითხებს და შევთანხმდით, რომ სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ქართველ კოლეგას ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა.

„მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური