საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-05

  ..

ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია", რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ დიპლომატებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობით თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, გასაძლიერებლად. ჩვენთვის, ყველასთვის სასიხარულოა, რომ აღინიშნება დიპლომატიის დღე. ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა და მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო. სიმბოლურია, რომ დიპლომატის პროფესიულ დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ სწორედ სულხან-საბას სახელს უკავშირდება როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს - ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა. ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია", რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგახართ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სამსახურისთვის",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლების სწორი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებითა და რეფორმებით უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე - ჩემთვის დიდი პატივი იყო 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც არსებითია ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ასევე, 2015 წელს მთავრობამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს უვიზო რეჟიმით. დღეს ევროკავშირთან გვაკავშირებს თანამშრომლობის უმაღლესი სტრატეგიული ფორმატები; ევროპელი სახელმწიფოებისთვის მოვიაზრებით რეგიონში, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, თქვენი, დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიოში აღიარებულია საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში;

„ჩვენს მამაც სამხედროებთან ერთად, ქართული დიპლომატიის დიდმა ძალისხმევამ გაზარდა ჩვენი როლი გლობალურ პოლიტიკაში. დღეს ნატო-ს ასპირანტი საქართველო ღირსეულად უდგას გვერდში პარტნიორებს და თავის წილ პასუხისგებლობას იღებს არსებული გამოწვევების დაძლევაში. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს ბოლო, წარმატებული მისია ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში, მოგეხსენებათ, ამის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მორიგი აღიარება დავიმსახურეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სწორედ გლობალურ კონტექსტში ქვეყნის განვითარების სწორმა ხედვამ გვაქცია რეგიონში აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რამაც არსებითი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებასა და უსაფრთხო განვითარებაში. ეს პარტნიორობა დღეს მტკიცეა, როგორც არასდროს. ამასთან, მუდმივად ვეძებთ ახალ მიმართულებებს მის კიდევ უფრო განსავითარებლად, იქნება ეს ეკონომიკური კავშირები, სამხედრო თანამშრომლობა, ხალხთა შორის კონტაქტები თუ სხვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიისა და ხელისუფლების რაციონალური, სწორი საგარეო პოლიტიკური ხედვის შედეგად, საქართველო დღეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების ლიდერია.

„გაძლიერდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია. ჩვენმა ინიციატივებმა, მე აღვნიშნავდი დაკავშირებულობის ინიციატივას ევროკავშირთან და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროკავშირის ქვეყნებთან საერთო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობამ, დაგვიბრუნა ფუნქცია, რომელიც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფ, კავკასიის ამ პატარა ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა. დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო დაკავშირების, მშვიდობის, კულტურათა დიალოგის და ტოლერანტობის ქვეყანაა. ეს ფასეულობები ქართველთა სისხლსა და ცნობიერებაშია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი დიპლომატიის და დიპლომატების წარმატებებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ მშვიდობისკენ სწრაფვამ, უკეთესი მომავლის რწმენამ შეგვანარჩუნებინა სახელმწიფო, ეროვნულობა, იდენტობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ოკუპაციაზე, როგორც უმძიმეს გამოწვევაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მასაც მშვიდობას და განვითარებას უპირისპირებს.

„ჩვენი ქვეყანა დღესაც გადის ოკუპაციის უმძიმეს პერიოდს. ჩვენ ამ გამოწვევასაც მშვიდობასა და განვითარებას ვუპირისპირებთ. გვჯერა, რომ ეს ერთადერთი გზაა დროებით დაკარგული ტერიტორიებისა და ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების დასაბრუნებლად. ჩვენმა ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა. ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია. დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე თანადგომაც. უპრეცედენტოა 2012 წლის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენს კავშირებს განამტკიცებს, არამედ მსოფლიოში არსებული 80-მდე მისიის სახით უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთობას სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შორის. ჩვენ პირველად შევიმუშავეთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია; მიმდინარეობს და დაგეგმილია მრავალი სახელმწიფო პროგრამა უცხოეთში ქართული დიასპორის გასაძლიერებლად. ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. ყველაფერი ეს, ძვირფასო მეგობრებო, ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე დიპლომატიის როლი საკვანძო და არსებითი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია საკუთარ სიტყვას იტყვის დღეს არსებული ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების დაძლევის, საქართველოს შემდგომი წინსვლის პროცესშიც. თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან დიპლომატს ამ დარბაზსა თუ მსოფლიოს მრავალ წერტილში, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიპლომატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგები მიენიჭათ საგარეო უწყების თანამშრომლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური