საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩების კონფერენციაზე სიტყვით მიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-22

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო ელჩებო, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,

პირველ რიგში, მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის, იმ წვლილისათვის, რაც საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს არაერთ წარმატებაში მიგიძღვით.

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა, ბატონ მინისტრს, დავით ზალკალიანს გადავუხადო მადლობა და მთელს თქვენს შემადგენლობას, ყველას, ვინც ჩართული ხართ ჩვენი ქვეყნის გაძლიერების საქმეში. დღევანდელი ჩვენი ვირტუალური შეხვედრაც მოწმობს, რომ დღეს მართლაც ვცხოვრობთ განსხვავებულ, გლობალური პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეცვლილ რეალობაში. ვითვალისწინებთ ამ რეალობას და სამწუხაროდ, ფიზიკურად არ მოგვეცა შესაძლებლობა, ეს შეხვედრა ჩაგვეტარებინა.

ბუნებრივია, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, ბოლო ორი წელი პანდემია გაგრძელდა და თქვენ გიწევდათ მუშაობა ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიებასა და მიწოდებაზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას უკავშირდებოდა და თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს.

რა თქმა უნდა, ეს თავდაუზოგავი შრომა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თქვენი ჩართულობა და თავდადება დღეს მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ ასეთი ჩართულობით, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ეს პანდემია ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ, დავამარცხოთ და გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება.

პანდემიამ დაგვანახა გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის გამოწვევები უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის მიმართულებებით. მე მჯერა, რომ არჩეული გზისა და ფასეულობების ერთგულებით, მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დავძლევთ ყველა სირთულეს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს გავიყვანთ სამშვიდობოს.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო წლევანდელ წელს. საკმაოდ დატვირთული, რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა ყველას ერთად, რაც დაგვირგვინდა გამორჩეული, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის გზას, ნატოს გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სურს არც არეულობა. პირიქით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ჩვენ ყველამ მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა უნდა მივმართოთ განვითარებაზე, კეთილდღეობის მოტანაზე ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე.

დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს, მთელ მსოფლიოს.

ევროინტეგრაციის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად. ასევე მნიშვნელოვანი იყო ასოცირებული ტრიოს დაფუძნება წელს და სხვა წევრებთან ერთად საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას და ახალი საშუალებების გამოვლენას. ჩვენი ქვეყნების საერთო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით არსებული გეგმების ხორცშესხმას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ბუნებრივია, გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს.

მინდა, მოკლედ შევეხო ნატოსთან თანამშრომლობას - მოგეხსენებათ, ბატონ მინისტრთან ერთად მე ახლახან მქონდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათგან კიდევ ერთხელ მიგვეღო დადასტურება და დავრწმუნებულიყავით, რომ მათი პოზიცია არის ურყევი, ისევე, როგორც ჩვენი პოზიცია არის ურყევი და უცვლელი, რომ საქართველოს მთავრობისა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი დიდი იდეა და ამოცანა. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას. წინა წლების მიღწევებზე დაყრდნობით, განვაახლეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. დღეს იგი უფრო დინამიკურია, მორგებულია ჩვენს საერთო ეროვნულ პრიორიტეტებზე, ამოცანებზე, საჭიროებებზე და უსაფრთხოების საერთო მიზნებზე.

ამასთან, ალიანსი უპრეცედენტო ყურადღებას აქცევს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც უდავოდ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამყარებას და განმტკიცებას.

განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვამაყობთ იმ საერთაშორისო აღიარებით, რაც აშშ-სა და მოკავშირეთა ძალების მიერ ავღანეთში განხორციელებული უპრეცედენტო, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაყვანის სატრანზიტო და საევაკუაციო მხარდაჭერისთვის დავიმსახურეთ. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის როლი.

მსურს, ხაზი გავუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა და რომელიც თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative). დოკუმენტი თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებსა და პროგრამებს განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვანი ფორმატი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას უახლოეს მომავალში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

რა თქმა უნდა, არც ერთი წუთით არ ვივიწყებთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და თქვენი, ძვირფასო ელჩებო, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, არაღიარების პოლიტიკის ძალიან ეფექტური გატარება, ამ პროცესების ინტენსიფიკაცია, როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო არენაზე ყველა, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. ამიტომ, ამ მიმართულებით თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისთვისაც. თქვენი კომპეტენტური მუშაობის შედეგია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, ჩვენი პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება და ამის გამყარება.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. პროცესები ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა. მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან - პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა - ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენს მეზობლებს შევთავაზეთ არაფორმალური რეგიონული პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზაფხულში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც შევქმენით, უშუალოდ ჩემი მედიატორობით შედგა შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას შევუწყვეთ ხელი და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით რეგიონში, რითაც ვაჩვენეთ არა მხოლოდ რეგიონს და მეზობლებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამერიკას, ევროკავშირს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ამის თაობაზე მქონდა ბრიუსელში საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და ამის თაობაზე ვისაუბრე გაეროს ტრიბუნიდანაც, როდესაც "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივა გავაჟღერე. ამ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა ჩვენს მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა.

მინდა, ასევე მოკლედ აღვნიშნო საქართველოს მონაწილეობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP26). ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეზობლებთან ურთიერთობას და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის. მე მქონდა არაერთი ვიზიტი თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ამერიკასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

თქვენთვის ცნობილია, რომ შემდეგ კვირას ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრები გაერთიანებულ საემიროებს და მონაწილეობას მივიღებ მსოფლიო გამოფენაში "Expo-2020". პანდემიის გამო ეს ერთი წლით გადაიწია და საქართველო ღირსეულად წარმოჩინდება მსოფლიო გამოფენაზე და გვექნება ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრები მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებთანაც. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში.

პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია. ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, განვითარება და ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ხედვას წარვადგენთ და ეს იქნება ჩემი მთავარი ოცნებაც, მიზანიც და იდეაც.

ჩემი დავალებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და მალე ყველა იხილავს, რომ ძალიან ქმედით და ეფექტურ, შედეგიან ნაბიჯებს გადავდგამთ. მათ შორის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი. ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ის მიღებული და ონლაინ-კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე. თქვენ ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1,5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ-კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მედიკამენტების ფასების შემცირება, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე სწრაფი ეფექტი გვექნება უახლოეს 1-2 თვეში. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა.

ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ათწლიანი გეგმები და ეს არ არის მხოლოდ ტრაფარეტული ნათქვამი, ეს არის დეტალური, კონკრეტულად გაწერილი გეგმები, რომელიც არის თითოეული უწყების მხრიდან. ყველა უწყებამ იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ჩვენ 6 თვის განმავლობაში შევიმუშავეთ თითოეული უწყების მიმართულებით სექტორული განვითარების გრძელვადიანი გეგმები ჩაშლილი ყოველწლიური კონკრეტული ხედვებით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, 2030-ში, მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად გვექნება ვაჩვენებთ პროგრესს, მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავარი გამოწვევა, მთავარი სირთულე, რისი დაძლევაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს, ეს არის ჩვენი ამბიციაც, ეს არის ჩვენი მოტივაცია, ეს უნდა შევძლოთ - უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი და გარანტირებულია.

ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, იცით, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „Rothschild"-ი დავიქირავე. მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე.

ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართლებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ.

მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთნ, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე.

მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან. ვამუშავებ სხვადასხვა იდეას, რომელიც უკავშირდება ჩვენს დიასპორას. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, უფრო ძლიერი კოორდინაცია სჭირდება დიასპორას და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება არის საინტერესო და აუცილებელი. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ მათზე ზრუნვა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. თქვენი საქმიანობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეფექტიან ურთიერთობას პარტნიორებთან და მომავალი მიმართულებების განვითარებას.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერი კონფერენციის ჩატარებას! ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები!

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური