საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-17

დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩატარდა მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას.

პრემიერმა სთხოვა ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, ერთობლივად დაიწყოს მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს.

„რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ - ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი N 1 მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური