საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-29

  ..

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. სხდომაზე იმსჯელეს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულების ვადებზე. აღინიშნა, რომ პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური