2022-05-25
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი; ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ახლოს აღმოჩნდეს საბოლოო მიზანთან, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.
„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს მისწრაფებებზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე სასაუბროდ. ეს არის ბრწყინვალე საშუალება, რადგან კოვიდის გამო პირადად შეხვედრა ვერ შევძელით. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის. საქართველო ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახებ შედეგებსაც მივაღწიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. სულ ახლახან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ - მაქსიმუმს გავაკეთებთ - იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი.
„ჩვენ უკვე განვახორციელეთ ასოცირების ხელშეკრულების 45%-ზე მეტი. 2014 წლიდან ჩვენ ვატარებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და უზრუნველვყოფთ გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ყველა მიმართულებით და ხალხი ამას ხედავს. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვცდილობთ ევროპასთან დაახლოებას. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია 2014 წელს, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ჩვენ უკვე საუკუნეებია, ვცდილობთ, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს, ცივილიზებული ევროპის ნაწილი. ახლა ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ხალხის მოლოდინები, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან ამ პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთგულნი ვართ ევროპული ღირებულებების და პრინციპების მიმართ, ჩვენ ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მოცემულია ასოცირების ხელშეკრულებაში. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ასოცირების ხელშეკრულების 45%-ზე მეტი. 2014 წლიდან ჩვენ ვატარებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და უზრუნველვყოფთ გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ყველა მიმართულებით და ხალხი ამას ხედავს. ახლა საკითხი ასე დგას - ვამაღლებთ თუ არა ამ მოლოდინებს? ვუთხრათ თუ არა ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო მიიღებს ამ სიმბოლურ, პოლიტიკურ აღიარებას? იმის აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი... თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ დრო ჯერ არ მომწიფდა და შეიძლება უნდა დავფიქრდეთ მომავალში ამის გაკეთებაზე? ჩვენ უნდა დავინახოთ მოქმედება დღეს, რადგან დღეს მსოფლიო შეიცვალა. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა შეგახსენოთ 2008 წლის ომი. სამწუხაროდ, იმ დროს ჩვენ ვერ დავინახეთ ის ერთიანობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას. ეს დიდებული რამ არის, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს რეაქცია. მაგრამ ჩვენ - ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გადავიხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენ 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ასევე 90-იან წლებში გვქონდა 2 ომი: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ ომის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ის ეჭვები, რომელიც არსებობს ევროკავშირში, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მათ არ სურთ ყველა ამ პრობლემის „იმპორტირება" ევროკავშირში. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას. ეს არის, როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს ჩვენი „საშინაო დავალება" ასოცირების ხელშეკრულების სახით. ჩვენ გვჭირდება სიცხადე და რელევანტური, ადეკვატური რეაგირება ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლა მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებით დაასრულა.
„ნება მომეცით, წარმოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელი) ციტატა: „საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია. ახლა კი ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები", ეს არის ჩემი დასკვნითი კომენტარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი. პანელის მოდერატორი The New York Times-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური