საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღეს - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-26

.  ..


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ. 26 მაისი ჩვენი თავისუფლების დღეა. დღე, რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს.

„ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღეს - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარს, გილოცავთ ყველა მასწავლებელსა თუ ფერმერს, ექიმს თუ მშენებელს, სპორტსმენს თუ ხელოვანს, ჯარისკაცსა თუ პოლიციელს, ჩვენს ახალგაზრდებს და ხანდაზმულებს - ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს.

მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საამაყო წვევამდელებს, ვისაც წილად ხვდათ უდიდესი პატივი, ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადონ სამშობლოს ერთგულების ფიცი;

გულითადად ვულოცავ ქართულ დიასპორას მთელ მსოფლიოში;

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს. ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად, მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და თანამშრომლობით უნდა ვაშენოთ.

მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ვის გულწრფელ თანადგომასაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განუწყვეტლივ ვგრძნობთ და ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს დღევანდელ დღეს.

26 მაისს ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების, დიდი წინაპრების ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეას ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული.

„ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც კი სრულ შესაბამისობაში იყო.

1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.

დამოუკიდებლობა, ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მომავლის შენების აუცილებელი და ფუნდამენტური პირობაა.

დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა - ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც".

მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მისივე თქმით, ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას.

„დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს იტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში.

ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას, და ამიტომაც, ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში.

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით - 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, ხელშესახები მონაპოვარია.

მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას.

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. მას შემდეგ მთელ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას.

ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში ჩვენთან ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები.

ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტიუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა - ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა
.
ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური