საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-27

მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, „ნაცმოძრაობას" და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ახლა დეტალები და ფაქტები - აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში" გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს ვუთხრა, რომ რეალურად ეს არის მორიგი, ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ეს სტატია არის ბატონი რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის რაფაელ გლუკსმანი. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. ის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. ამ დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის ბატონი გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ეს არის თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მორიგი მხილება.

ქალბატონ სამადაშვილს, რომელსაც ზრდილობაც კი არ აქვს, რომ აქ დარჩენილიყო და მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მოესმინა, მინდა ვუთხრა, რომ არავითარი 20-პუნქტიანი, 5-პუნქტიანი წერილები ჩვენთვის არ გადმოუციათ. კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა, ყველას შევახსენო - ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა, არათუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, არამედ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები. დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები. მინდა, კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში დაუწესდება თუ არა სანქცია იმ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და ოთხ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ. ის აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ თქვენგან და ძალიან ბევრი თქვენი თანაპარტიელებისგან, გამოჩნდა, რომ ითხოვდით იარაღის გადაცემას უკრაინისთვის, ჩარტერული რეისების გაშვებას, ითხოვდით ჩვენს მიერ ახლად რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას, ეს ყველაფერი ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა.

მოვისმინეთ მორიგი აღიარება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ. მე შეგახსენებთ ყველას, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, თუ რა ხდება რეალურად და რატომ არის ეს აჟიოტაჟი არაფრისგან გამოწვეული. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, გამოვიდა და თქვა, რომ ასე ვთქვათ, მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა საუბრისას, გამოსვლისას, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოში და მოლდოვაშიო. ამის შემდეგ, თქვენ, მოგმართავთ ახლა საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში. როგორ არ გიჩნდებათ ან ელემენტარული ემოცია, პროტესტი, ან რაღაც, რომ ამის შემდეგ კიდევ იმავეს აგრძელებთ. კიდევ ერთი მინდა შეგახსენოთ, ასეთი პიროვნება არის არესტოვიჩი, თუ არ ვცდები, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა და მოიყვანა აქვე მაგალითი, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდაო და დღეს ეს ხელისუფლება რუსეთთან ომზე არ წავიდაო. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ.

ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა.

ქალბატონი სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა და გავიდა, პირდაპირ მითხრეს, პირადად იყო დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოგთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ და როგორც გლუკსმანი ჰყავთ დაქირავებული, რომელიც ევროპარლამენტარია, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს.

გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე.

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მით უმეტეს, დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით გადაწყვეტილებას, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი, ეს ადამიანები, მისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი" რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველოში არის შავი ხვრელები. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით.

იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი - სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში - ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია და ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. ოკუპირებულ ქვეყანაში, მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად. ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? კიდევ ერთხელ გისვამთ ამ კითხვას. ის უბედურება, რაც გავიარეთ ჩვენ დაწყებული 90-იანი წლების შემდეგ, ორი ომი რუსეთთან - აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, ახლა 2008-ში ეს უგუნური ომი, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ, ხელისუფლება, ხელისუფალი - ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს.

საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, აქციები, რომელიც დააორგანიზეს ამ ადამიანებმა, დღეს თქვეს, რომ სანქციებს თურმე არ უერთდებოდნენ, იარაღის გადაცემა, ჩარტერული რეისების გაშვება, ყელაფერი ეს უკავშირდებოდა ერთადერთ მიზანს - რაიმენაირად ომის დაწყებას საქართველოში და რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი იქნებოდა პასუხისმგებელი. ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა - ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური