საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება” ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-03

.  ..

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ამბავზე, საქართველოს მიღწევებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ.
უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოკლედ მოგიყვებით საქართველოს გამოცდილების - საქართველოს ამბის - შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - 2012 წლიდან - ძალიან ამბიციურ რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით: სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის კონსოლიდაცია.
2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გენერალური გეგმა - საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის გენგეგმა. მას შემდეგ ხელშესახები შედეგები გვაქვს და რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და სულ ახლახან ოფიციალურად გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება.
რა თქმა უნდა, ახლა ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და როგორც მოგახსენეთ, ხელშესახები შედეგები გვაქვს. მოდით ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, მისი 45 პროცენტი უკვე შესრულებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, თან მნიშვნელოვანი.
საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამიტომ, გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომწრენი ვართ.
ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების - მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების - გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა ომი 2008 წელს - ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინამ, ბევრად ადრე, ვიდრე ყირიმმა. ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გადავიხადეთ. ვინ გადაიხადა ეს ფასი? ქართველმა ხალხმა. 90-იან წლებშიც ორი ომი გვქონდა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ - დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ.
ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფული არჩევანი. ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი.
სპეკულირება არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ამის შესახებ. ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობთ. მე პირადად მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან. მრავალი შეხვედრა გავმართე მათთან და სატელეფონო საუბრებიც მქონდა. ბრიუსელში 10 დღის ან 2 კვირის წინ ვიყავი და ლიდერებს შევხვდი. რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს თავისი საშინაო დავალება შესრულებული აქვს და ახლა ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული და თან მორალური გადაწყვეტილებაა, თან სიმბოლურია. ასე მაგალითად, რა გზავნილს ვუგზავნით რუსეთს? ავიღოთ საქართველო. არ ვისაუბრებ სხვა ქვეყნებზე და მხოლოდ საქართველოს შესახებ ვიტყვი: საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების. თან ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით.
ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს.
ცხადად უნდა განვასხვავოთ ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ. მაგრამ დღეს ლაპარაკია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ეს კი გახლავთ გზავნილი ყველასთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რუსეთისთვის. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ ყველა ეს რეფორმა, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვდგავართ რეფორმატორების მოწინავე რიგებში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც: გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის რეფორმის მხრივ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ასევე, „ბიზნესის კეთების" კატეგორიაში და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველო საუკეთესოა. ასე რომ, ჩემი კითხვაა: რატომ არა? კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება. ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს და, ამავე დროს, ვიქნებით უფრო მოტივირებულნი, შემართულნი. რა თქმა უნდა, იქნება ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მივყავართ სრულფასოვანი წევრობისკენ. შესაბამისად, ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, - მოდით, გულახდილად ვთქვათ, - როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ". ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის „გადახალისების", „ახლიდან დაწყების" და ა. შ. მოწმენი. 2014 წელს მთელი მსოფლიო იყო შოკირებული, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული. თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს ქვეყანას და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება.
მინდა, დავამატო ორივე სიტყვა საქართველოს სურვილთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად. პირიქით, ჩვენ ვართ წვლილის შემტანნი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგზავნა ჩვენი მებრძოლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო რთული, მძიმე გადაწყვეტილება. ამ ოპერაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირი. და ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგზავნეთ ერთი ბატალიონი, ანუ 500-ზე მეტი მებრძოლი, რათა დავხმარებოდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვაქვს წვლილი და ჩვენ - ქართველები და საქართველო ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით. ასევე არის ნატოს ოპერაციები და საქართველოს მონაწილეობა ამ ოპერაციებში ერაყში, ავღანეთში, სადაც ჩვენ გვყავს 2,000 მებრძოლი, რომელთაგან 35 მამაცი მებრძოლი დაიღუპა, სიცოცხლე შესწირა ამ საერთაშორისო იდეას, ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე ბრძოლას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. 500-ზე მეტი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა.
ასე რომ, ჩემი დასკვნითი კომენტარი ასეთია: საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, სანაცვლოს გარეშე, ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას.
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ. რაც შეეხება გამოწვევებს, ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე. ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, საქართველო დაუცველია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგულნი, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა.
ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს გადავიტანეთ, თანაც სამჯერ: 90-იან წლებში, როცა აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, გვქონდა ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ ჩვენს რეგიონებში და შემდეგ იყო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ვიცით ომის ფასი. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას. და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.
საქართველო, თავისი არსით, არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, „კონსტიტუცია", ანუ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გენერალურ გეგმას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებზეც ჩვენ ავიღეთ პასუხიმგებლობა. ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ იგი ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი.
ჩვენ სიცხადე უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან კითხვაში - იძლევა თუ არა კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიას? რა თქმა უნდა, არა და ჩვენს მიზანს აქ არ წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხის განხილვა. ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანიც. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი პასუხია არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ მოლდოვისთვის, მაგრამ ეს არის წახალისება, მეტი მოტივაცია ქვეყნისთვის რეფორმების გაგრძელების გზაზე.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ის ყველგანაა. საქართველოს პოლიტიკა ემოციებით არის გაჯერებული. ჩვენ ვცდილობთ დეესკალაცია მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლარიზაცია. მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო და პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს. ეკონომიკური სტაბილურობაც გვაქვს. კარგი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში. გასულ წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14.4-პროცენტიანი ზრდა ვაჩვენეთ.
რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველგანაა და მათი დანიშნულება მთავრობის კრიტიკაა, რაც საკმაოდ ნორმალური რამ გახლავთ. ბევრი ოპოზიციური პარტია გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პარლამენტში 9 პარტიაა. ბევრი ოპოზიციური სატელევიზიო არხი მუშაობს ქვეყანაში და ზოგადად, მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია.
რაც შეეხება პირველ კითხვას, საქართველოს მოლოდინი როგორია შეერთებული შტატებიდან, ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში.
შეერთებული შტატები ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის - სამხედრო პირების, ჯარისკაცების - წვრთნებსაც ატარებს.
აშშ-ი ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. ასეც გაგრძელდება. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება.
2014 წელს მივიღეთ კანონი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში აღმოფხვრილიყო ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მართალი გითხრათ, ეს პრობლემას არც წარმოადგენს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კითხვაში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს. ბატონმა ბრძანა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ კონფრონტაციისას. არ მინდა დეტალებით გადაგღალოთ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ პოლიციამ 30-ზე მეტი პირი დააკავა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმის გამო. მათი გასამართლებაც მოხდა. ისინი ახლა ციხეში არიან. სახელმწიფოს ვალდებულებაც ეს არის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე, მათი ორიენტაციის მიუხედავად, ან სხვა რაიმე ნიშნით. მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მოქალაქე დაცულია.
რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ბატონმა ბროკმა დასვა, რომლის ნახვაც ძალიან მიხარია, კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ასეთი შეგულიანების - ასეთი მოტივაციის.

წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი! ვნახოთ, რა გზავნილს ვუგზავნით ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და სხვებს: ეს ქვეყნები ერთგულნი არიან, რეფორმებს ახორციელებენ, ასოცირების შეთანხმებებს აფორმებენ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააჩნიათ - რაც ხელშესახები შედეგია და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იყენებენ და მადლობელნი არიან - თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აწერენ ხელს, განაცხადს აკეთებენ და რა? ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს სიმბოლური და აზრიანი სტატუსი მათ არ მიანიჭოს. ეს იქნება შეცდომა! ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური