საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერი იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის აშენებაზე - ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და დიდი სურვილი გვაქვს, წლის ბოლოს უკვე დავიწყოთ სამუშაოები ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-06

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქართული კულტურის ცენტრის კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამშენებლო სამუშაოები კონცეფციისა და პროექტის მომზადებისთანავე დაიწყება.

„იორდანიაში ვიზიტთან დაკავშირებით მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროცესი - გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, 10 მეტრში. ასე რომ, ჩვენ დავიწყებთ ახლა მუშაობას აქტიურად. მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ჩართულნი იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში უკვე შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ. დავიწყოთ აქტიური მუშაობა ქართული კულტურის ცენტრის ზოგად კონცეფციაზე, პროექტირებაზე და როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური