საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2022-07-08

  ..

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ შეხვედრის ასე სწრაფად ორგანიზება. ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ავსტრიიდან წამოსულიყო მოსაწვევი იმ ქვეყნისადმი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია და, ამასთანავე, არის პარტნიორი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, და ეს არის უწყვეტი გამოწვევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთი მხრივ, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო დღეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის მხარეებთან საუბარზე, და რომელსაც ესმის რეგიონი. ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონი უკეთესად გავიგოთ, ჩვენთვის, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა საქართველო გახდეს ჩვენი თანამეგობრობის წევრი. ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის სწრაფად უზრუნველყოფა და მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და სწორია. ჩვენი საუბრისას, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მიდგომა, თუ რატომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ მიგვენიჭებინა უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ხოლო საქართველოსთვის - გაწევრიანების პერსპექტივა და ამასთან ერთად, არ დაგვვიწყებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინა. ავსტრიის ფუნქციაა, სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ხიდების მშენებელი, შუამავალი რომ იყოს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია, რომ ეს სიგნალები გაიგზავნა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე სიგნალის გაგზავნა ჩვენი უშუალო მეზობლებისთვის, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის.

დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ამ მიმართულებით არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი. მაგრამ რაც ძალიან ცოტამ იცის, ავსტრიელებმა და აქ მცხოვრებლებმა, ჩვენთვის საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის შემოსული ჩვენს ბინებში, რამდენადაც ჩვენი საშობაო ნაძვის ხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, არსებობენ ფირმები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამით. თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება ინვესტიციებისთვის. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნეს მოცემული, რომ გაგრძელდეს ინვესტიციები, კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.

მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კიდევ ერთხელ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტის. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, და მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, - სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო კანცლერო მოწვევისთვის.

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთოევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომლებზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა, იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს.

რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში - პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ, ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე არის. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას. ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ, თუნდაც, რეფორმები და ის მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ, და ავსტრია, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია საქართველოსთვის. მე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მოხარული ვიქნები ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მეგობარს, ბატონ კანცლერს მოწვევისთვის და, მე მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასევე ეწვევა საქართველოს. დიდი მადლობა.


ტელეკომპანია „იმედი" - ბატონო კანცლერო, თქვენ ისაუბრეთ მშვიდობის მნიშვნელობაზე ევროპაში, როდესაც ახლა ძალიან ბევრი გამოწვევაა ყველა ქვეყნის წინაშე. მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. როგორ ხედავთ თქვენ უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით ამ ომის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გავლენას ევროპის კონტინენტზე? რა გამოსავალს და პერსპექტივებს ხედავთ ?

კარლ ნეჰამერი: რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე და ფინეთზეა ლაპარაკი. ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიკური გახდა დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს ნატოში გაწევრიანება.

იცით, 3 ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, და არის კვიპროსი, რომელიც ალიანსებში არ ერთიანდება. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იცვლება ნატოც და, სინამდვილეში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი ნატო, უფრო ძლიერი ნატო და ნატო, რომელიც მზად არის, რომ ბევრად უფრო მეტი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ეს, რეალურად, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები უკვე ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული. ომი, თავისთავად, ბუნებრივია, წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის, საქართველო თავის მხრივ თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში, მაგალითად 80 000 უკრაინელი ლტოლვილია, ქალები და ბავშვები, და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ომის ყველაზე ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების, ანუ პოლიტიკური პოლემიკის ყველაზე მძიმე ფორმა. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა, რეგიონში საქართველო აღიქმება როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი მის დასავლურ გზაზე, იმაში, უკვე რაც გაკეთდა და რაც გაკეთდება. ჩემი მხრიდან, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც საქართველო ინარჩუნებს 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში და იმ მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ, საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ავსტრიის საზოგადოებრივი რადიო - კითხვა მინდა დავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ევროკავშირმა გააკრიტიკა ოპოზიციის პარტიებთან მოპყრობა და ერთ-ერთ მომენტად დაფიქსირებულია, რომ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. მზად ხართ თუ არა თქვენ კომპრომისზე წასასვლელად, მზად ხართ თუ არა, გარკვეულ კომპრომისზე წახვიდეთ ოპოზიციურ პარტიებთან? საქართველოში დემონსტრაციები მიმდინარეობს. ამ დემონსტრაციაზე ითხოვენ, მათ შორის, თქვენი მთავრობის გადადგომას, გარდამავალი მთავრობის დანიშვნას, და მეორე კითხვა, - რამდენად მნიშვნელოვნად აფასებთ რისკს, რამდენად მაღალია რისკი, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ საქართველოსაც შეიძლება დაესხას თავს, და ბატონ ფედერალურ კანცლერსაც მინდა დავუსვა კითხვა, - უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ - არა. რამდენად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა ეს საქართველოსთან მიმართებით? ხომ არ არსებობს იმის რისკი, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ერთგვარი ძალაუფლების ვაკუუმი შექმნას, რომლის შევსებასაც რუსეთი თავის მხრივ შეეცდება?


ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ, ალბათ, არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი. თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ, ბატონო კითხვის ავტორო, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს, მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც იმუშავა ბატონმა ტომას ჰამერბერგმა და ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს. დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. დიდი მადლობა.

კარლ ნეჰამერი: დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში, საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ, მე მგონი, იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამსაათ-ნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს, და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იქნეს აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და, თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებითა და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით.