საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2024-05-11

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო.

მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში შეხვედრა. გვინდა, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თქვენი ნებართვით, მოკლე შესავლით დავიწყებ და ამის შემდეგ შეგვიძლია თანამიმდევრობით გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. თითოეულ თქვენგანს ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასვათ შეკითხვები, მიიღოთ პასუხები, დააზუსტოთ შეკითხვები საჭიროების შემთხვევაში.

პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის, საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიციირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, - ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

იცით, რომ 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ", ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო პოლიტიკური კურსი, და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ასევე მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად, აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოს და აშშ-ს შორის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა, სამწუხაროდ არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის, და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება რუსეთის საკითხს, - რუსეთისკენ კურსი ეს არის რაღაც სპეკულაციების ერთ-ერთი საგანი. მინდა შეგახსენოთ ამ კუთხითაც, რა არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები, რა იყო წინა ხელისუფლების „მიღწევები" ამ კუთხით და რა შედეგები გვაქვს ჩვენ არსებული ხელისუფლების პირობებში.

მინდა მარტივად შეგახსენოთ, თუ რა მოხდა 2004-2012 წლებში ამ კუთხით. რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის, ეს გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე და აღარ გავაგრძელებ. 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, არ გაგვისხვისებია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები, პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე, დღეს მათი შედეგი არის 1-2%, არა უმეტეს. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები, როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში და მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომლებიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ეს არის კონკრეტული შედეგები, ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო ნული წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, იყო პირიქით რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოება თვისებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ნული პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

რაც შეეხება უშუალოდ კანონს, არის თუ არა კანონი რუსული, - კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რას ითვალისწინებს რუსული კანონი, - ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი. მაგალითად, რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე - კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციების, და არა მარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით. მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით, - ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის, ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. უმარტივესი ლოგიკაა, ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში. აქაც არის, მაგალითად, გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონსა და აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, - მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა, ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის. ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას.

რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიციირება, მიღება აუცილებელი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ გაუმჭვირვალობის გამო და მინდა შეგახსენოთ, თუ რა ტიპის აქტივობები ფინანსდებოდა გარე წყაროებიდან. ეს იყო, მაგალითად, კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობა რევოლუციურ პროცესებში, ასევე ეს იყო ლგბტ პროპაგანდის პირდაპირი დაფინანსება, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის, თავდასხმის დაფინანსება, ნარკოტიკების პროპაგანდა, ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. ამას წინათ გავხსენით ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი, 9-კილომეტრიანი გვირაბი, აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბი იყო რიკოთის გვირაბი, 2 კილომეტრზე ნაკლებია მისი სიგრძე, და საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ გვირაბის გაჭრას, მშენებლობას, შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მას უნდოდა ამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ეკონომიკური პროექტის დაბლოკვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საბაბით. მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწია თავისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გახსოვთ, რა ხდებოდა ჰესებთან დაკავშირებით და ა.შ. ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რამაც გახადა აუცილებელი ამ კანონის მიღება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში იყო რევოლუციის ორი მცდელობა, ჯერ 2020-21 წლებში, გახსოვთ PVT-ის გაყალბება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საერთო შეფასების გაყალბება მთელი რიგი არასამთავრობოების მიერ, რასაც კინაღამ მოჰყვა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ იძულებული გავხდით, ხელი მოგვეწერა პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ვერ მივიღებდით თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს.

მოკლედ, აშკარად გამოკვეთილი რევოლუციური მცდელობა ვიხილეთ ჩვენ 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. ასევე, გახსოვთ, რომ 2022 წელს პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირება. პირდაპირი ლუსტრაცია მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია არასამთავრობო ორგანიზაციის არსთან და ამოცანებთან. 2016 წლიდან ჩვენ გვქონდა ერთადერთი მშვიდი წელიწადი, ეს იყო 2017 წელი. ყველას გახსოვთ, რა ვითარებაში ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, იყო ე.წ. პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი. 2018 წელს გახსოვთ, რა გარემოებებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ გახსოვთ 2019 წლის ივნისი, ნოემბერი, უმძიმესი წელი. შემდეგ, ჯერ კოვიდი იყო 2020 წელს და კოვიდს დამთავრება არ აცალეს, უმძიმესი არჩევნები იყო 2020 წელს თავისი შემდგომი გაგრძელებით. 2021 წელი ქვეყანამ გაატარა მუდმივად რიგგარეშე არჩევნების თემის პირობებში, იყო მუდმივი ე.წ. პოლარიზაცია. შემდეგ 2022 წელს დაიწყო ომი და ომთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდა პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ივნისში პირდაპირი რევოლუციის მცდელობა იყო და მთელი 2023 წელი, ვიდრე არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მუდმივად ხდებოდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავება ქვეყანაში. 2016 წლიდან მოყოლებული, ერთადერთი 2017 წელი იყო, როცა ქვეყანა ცხოვრობდა მშვიდად. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ გაუმჭვირვალედ იხარჯება შესაბამისი თანხები და ეს თანხები დიდწილად, სამწუხაროდ, ხმარდება სწორედ ასეთი რყევების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის, იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ კანონის ინიციირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ერთხელ და სამუდამოდ ეს ე.წ. პოლარიზაცია ჩავაბაროთ წარსულს, გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი.

და ბოლო საკითხი, რასაც შევეხები, ეს არის ძალადობის თემა, რასაც, რა თქმა უნდა, პრინციპულად ვემიჯნები, ვემიჯნებით ჩვენ ყველა. აქ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თქვენ გახსოვთ ძალადობის აქტები, რომ ეს დაიწყო რამდენიმე კვირის წინ. პირველი გამოკვეთილი აქტი იყო ელისაშვილის ძალადობა, რაც არა მხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, კონკრეტულმა იგივე ტელევიზიებმა, სხვა სუბიექტებმა პირდაპირ მოიწონეს შესაბამისი აქტი. ასეთი სახით შუქდებოდა კონკრეტული ძალადობრივი აქტი, საუბარი მაქვს 3 კონკრეტულ ტელევიზიაზე. ასევე, გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები, პირდაპირ იწონებდნენ, ღიად იწონებდნენ ამ ძალადობრივ აქტს. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ძალადობით, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ძალადობით, და მე მინდა გავიხსენო, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტზე, POSTV-ის ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, რამდენიმე ათეული, ასე ვიტყოდი პირდაპირ, ორკი, სხვა სახელი არ შეიძლება მათ უწოდო, პირდაპირ თავს დაესხა 20 წლის ახალგაზრდა გოგონას და პირდაპირ მიდიოდა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ერთ-ერთმა მუსიკოსმა, რომელიც ნიჭიერია თავის საქმეში, მაგრამ სხვა რამეში არ გამოადგა ნიჭი, ეს მოიწონა და გააზიარა, ანუ მოწონებით გააზიარა და მას ჰქონდა დაახლოებით, ზუსტად აღარ მახსოვს, 2-3 ათასი მოწონება, წარმოიდგინეთ, და რომ ჩავყევი ამ სიას, ვინც მომხვდა, აქ იყვნენ, მაგალითად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აქ იყვნენ NGO-ების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა პირდაპირი ე.წ. ბულინგი, პირდაპირ, დაახლოებით ათასი, 2 ათასი მესიჯი მისდიოდათ, წარმოიდგინეთ, კოორდინირებული, ჩვეულებრივი ქოლცენტრი ჰქონდათ შექმნილი და კონკრეტულ სპორტსმენებზე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე იგზავნებოდა ტელეფონის თუ ფეისბუკის მეშვეობით ასეულობით მესიჯი, პირდაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასაც არავინ არ გაემიჯნა, პირიქით, ამას ყველაფერს იწონებდნენ.

ასევე პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც მოღალატეს უწოდებ პოლიტიკოსებს და ასეთ ეპითეტებს იყენებ, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე.

მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა გავიხსენო ის, რომ ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია, მათ შორის, არცერთი დიპლომატი. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. აღარაფერს აღარ ვამბობ NGO-ებზე, პოლიტიკოსებზე და ა.შ., კოლეგა ჟურნალისტებზეც კონკრეტული ტელევიზიებიდან.

რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გუშინ თუ გუშინწინ, არ ვიცი, როდესაც მოძალადეებს შეეხო ძალადობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, აქ არავითარი სხვაობა არ არის.

ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობრივი აქტის გამოძიება. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეს არის ჩემი მოწოდება და ჩემი თხოვნა ყველას მიმართ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.