2024-09-27
ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, და ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო ტურიზმის სექტორის გამორჩეული წარმომადგენლების შეხვედრის ადგილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დარგის თითოეულ წარმომადგენელს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის.
„მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ინდუსტრიის ეფექტიანი და დინამიკური განვითარებისთვის. ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამშვიდობო პოლიტიკა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ათწლეულზე მეტია საქართველოში არ ყოფილა ომი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ. დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა. იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის. მათ შორის, ვიმედოვნებთ, რომ ტურიზმიდან უდიდეს სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ამ უმშვენიერეს მხარეებში მცხოვრები თითოეული მოქალაქე," - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა. მისივე თქმით, ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია.
„საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან, ხოლო 2021 წელს, საქართველო 4 წლის ვადით პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა. ჩვენთვის ეს არის საუკეთესო საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა იმ ხელშესახებ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც საქართველომ, მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის მდგრადი განვითარების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად მიაღწია.
„ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ 2023 წელს 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს საქართველოსთვის ისტორიული ნიშნულია და 26.2%-ით აჭარბებს პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, 2019 წლის მაჩვენებლები 76%-ით აღდგა და საქართველომ 7.1 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს, - კერძოდ, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, ვუმასპინძლებთ 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 9%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. ეს გახლავთ 14%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით, რაც განპირობებულია საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებით, ავიაკომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებებით, მათ შორის, სიხშირეების გაზრდისა თუ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის მიმართულებით.
ტურიზმი ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის განმტკიცების, მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნების შემდგომი განვითარების პროცესში. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დროული და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებით და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ შევძლებთ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ყველას საერთო ინტერესია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაეროს ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ ხატებმა და უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა აზიზ აბდუხაკიმოვმა.
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა და ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" გაიმართა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური