საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

ირაკლი კობახიძე - „ხობი 2 ჰესი“ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, ინვესტიციის მოცულობა 63 მლნ დოლარია, მშენებლობაზე დასაქმებული იყო 300 ადამიანი ამოსაბეჭდი ვერსია

2024-10-30

  ..

„ხობი 2 ჰესი" არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ხობი 2 ჰესის" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება - 202 მლნ კვტ/სთ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას" წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, აგრეთვე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში, ანუ 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. გვაქვს აგრეთვე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის - უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ. თითოეული მათგანის წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად, ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ხობი 2 ჰესის" დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაურს „ხობი 2 ჰესის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ჰესი დაათვალიერებინეს და პროექტის განხორციელების ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური