2024-08-26
საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად და ის არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და, შესაბამისად, უმუშევრობის მონაცემები და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
„მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13,7 პროცენტი, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7 პროცენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა - 41 300-ით. ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი. საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად და ის არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და, ვფიქრობთ, წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი ამ კუთხით. რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის საშუალებას. მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების, ასევე არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას. მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. პრემიერის თქმით, პროექტისთვის შესაბამისი თანხები ბიუჯეტში მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.
„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა - 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მინდა, ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს.
„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება ქართველ ოლიმპიელებს და აღნიშნა, რომ 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ასეც მოხდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მინდა, ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ. ასევე დაფიქსირდა 24-ე ადგილი, რაც ისტორიულად საუკეთესო შედეგია. 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობამ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს მიიღებენ. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები.
„ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, პრიზიორები - ღირსების ორდენზე. ასევე დამატებით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინა აგრეთვე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი გახლავთ - ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ისინი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, აქვთ გამორჩეული მიღწევები, ორივე გახლავთ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური ჩემპიონი. ასევე ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ისინი წარდგენილი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. აგრეთვე ღირსების ორდენზე წარვადგინეთ გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, რომლებიც არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები. ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები. როგორც გუნდის მწვრთნელები, ასევე - პირადი მწვრთნელები - ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ომარ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი, გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში და, რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლებზეც ისინი არიან წარდგენილი," - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა კოტე პეტრიაშვილს, ხოლო ვიცე-ჩემპიონობა - ნიკოლოზ მაისურაძეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.
„იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა, მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის და მინდა, მას მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური