საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2024 წლის სხდომები

2024 წლის 16 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2024-09-16

დღის წესრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვით დაიწყო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.

„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველკლასელებს და პირველკურსელებს. ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს სწავლაში. ასევე, პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

„აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის და გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ძალიან დიდი ინტერესით ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტსა და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ.

„ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის. ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც ბუნებრივია, საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1 200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

„ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს და გააძლიერებს ქართულ ჯარს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად სწრაფი რეაგირებისა და გეგმის წარდგენისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური