საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

2008 წლის 23-24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ მგალობლიშვილი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულს. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა: "თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი, თურქეთი არის ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები. გარდა ამისა ფართოდ განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ვთვლი, რომ ეს შეხვედრა პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი."

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ანკარაში განთავსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებული 17 ქართველი სამხედრო გადის მკურნალობის კურსს, როგორც გრიგოლ მგალობლიშვილმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ის მოხარულია, რომ მათ აქ მკურნალობის საშუალება მიეცათ. "აქ ყველა პირობაა, მაგრამ თუ საჭირო გახდება მომდევნო რეაბილიტაცია, ყველანაირად დაგიდგებით მხარში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანკარაში გრიგოლ მგალობლიშვილი შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა: "პირისპირ შეხვედრისას განვიხილეთ ორი ქვეყნის ურთიერთობების სხვადასხვა საკითხი. თურქეთი რთულ მომენტში ყოველთვის საქართველოს გვერდში დგას. მნიშვნელოვანია, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას." პრემიერ-მინისტრის თქმით თურქეთში ვიზიტისას ძირითადად ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ელექტროენერგიის სამომავლო ექსპორტის მიზნით საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისების საკითხებს.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის სახელმწიფო მინისტრ კურშად ტუსმანს და  მონაწილეობა მიიღო თურქეთ-საქართველო ბიზნეს ფორუმში, რომელიც თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირში (TOBB) გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები შეხვდნენ თურქეთის მთავრობის წევრებს, ბიზნესმენებს, მათ შორის თურქული ენერგოკომპანიების წარმომადგენლებს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი