საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი მარშალის ფონდში მოხსენებით გამოდის2008 წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა. ბრიუსელში ვიზიტისას გრიგოლ მგალობლიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივნას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ბ-ნ ხავიერ სოლანას. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ქვეყნის შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის და ბენიტა ფერეფო–ვალდნერის შეხვედრაბრიუსელში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვდა ევრიკომისარს საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ქ-ნ ბენიტა ფერეფო-ვალდნერს. საუბარი შეეხო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს. როგორც ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, 27 ნოემბერს ევროკავშირის სამართლისა და საშინაო საქმეების საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის მიერ მომზადებული მანდატი საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

აგრეთვე გრიგოლ მგალობლიშვილი შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ბ-ნ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, ევრიკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსს და ევროკომისარს ვაჭრობის დარგში ქ-ნ ქეთრინ ეშტონს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მოხსენებით გამოვიდა მარშალის ფონდში (The German Marshall Fund of the United States) თემაზე: ”საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატო-სთან ერთად”.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი