საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ბელგიის სამეფოში

პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და ხავიერ სოლანასაქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი ბრიუსელში გაგრძელდა. იგი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს (Jaap de Hoop Scheffer). შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო საქართველოსაგან მიმდინარე ერთი თვის მანძილზე პროცესების დემოკრატიულად, მშვიდად წარმართვასა და არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას ელოდება, რათა ჩვენი მართლაცდა ძალიან ინტენსიური დიალოგი და მუშაობა ყველა მიმართულებით გაგრძელდეს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან სამართლის, თავისუფლებისა და უშიშროების საკითხებში ფრანკო ფრატინისთან (Franco Fratini) შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ილაპარაკეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს მიერ ევროკომისიის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკომისია მზად არის საქართველოში შექმნას სპეციალური ცენტრი, სადაც შენგენის ყველა ქვეყნის ვიზის მიღება იქნება შესაძლებელი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩვენი წინადადებაა, განვიხილოთ სავიზო რეჟიმის პირობები. საქართველო უკვე გასცემს ბიომეტრიულ პასპორტებს. ეს ჩვენთვის, თავდაცვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ "ბატონ ფრატინისთან იყო ძალიან კონკრეტული შეხვედრა. ვფიქრობ, მას აქვს დიდი სურვილი, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ იმ მიმართულებებით, რომლებზეც მან ილაპარაკა. აქ, მართლაც, რამდენიმე თემა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, იქნება ეს ბიომეტრიული პასპორტები თუ საზღვრების დაცვა, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებშიც".

ბრიუსელში ყოფნისას ვლადიმერ გურგენიძეს სამუშაო შეხვედრები ჰქონდა აგრეთვე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ჰანს-გერტ პოტერინგთან (Hans-Gert Pöttering), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯასეკ სარიზ-ვოლსკისთან (Jacek Saryuzs-Wolski) და ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პილბალგსთან (Andris Pielbalgs).

"ყველა შეხვედრა, რომლებიც დღეს გვქონდა, იყო შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. მეგობრებს შორის დასაშვებია, ასე ვთქვათ, გულღია ლაპარაკიც, წუხილის გამოხატვაც, მომავალზე ზრუნვაც, კითხვები იმაზე, თუ, როგორ შეიძლება დაგვეხმარონ კიდევ უფრო მეტად. მაგრამ ეს საუბრები არანაირად არ გულისხმობდა ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ან ურთიერთობებში ნეგატიური მომენტების გაჩენას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა.

სამუშაო დღის ბოლოს ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალი საელჩოს შენობის პრეზენტაციაში.

6 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ევროპის კავშირის გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას (Javier Salana). შეხვედრაზე ილაპარაკეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვლადიმერ გურგენიძის თქმით, "ამ ეტაპზე ჩვენ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ არჩევნებსა და საარჩევნო პროცესის ღირსეულად წარმართვაზე. ამ საკითხს, ბუნებრივია, დაწვრილებით შევეხეთ. იმისათვის, რომ 5 იანვრის შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი, როგორც ევროპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ჩვენს ევროპელ და არამარტო ევროპელ მეგობრებს უნდა დაველაპარაკოთ იმაზე, თუ ისევ მეტაფორას მოვიშველიებ, როგორ შეიძლება ტალღებისა და მღელვარების მაქსიმალურად შემცირება".

საგარეო საკითხებში ევროკომისართან ბენიტა ფერერო-ვალდნერთან (Benita Ferrero-Waldner), ასევე აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდთან (Daniel Fried) შეხ-ვედრებზე განიხილეს არჩევნებისათვის მზადების, საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოების, თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული საბაჟო პროცედურების საკით-ხები.

დენიელ ფრიდთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა: "ვილაპარა-კეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს და შეიძლება წარმოიშვას განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. მან გამაცნო თავისი მიდგომები კოსოვოს საკითხისადმი. საკმაოდ მრავლის მთქმელი და ძალიან გულღია საუბარი იყო". თავის მხრივ, დენიელ ფრიდი დაუშვებელად მიიჩნევს კოსოვოს მოდელის პრეცედენტად აღია-რებას. კოსოვოს მოდელს არ აქვს კავშირი საქართველოსთან, იგი არ არის პრეცედენტი აფხაზეთისათვის, ოსეთისათვის, დნესტრისპირეთისათვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგე-ნიძე შეხვდა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში პეტერ მანდელსონს (Peter Mandelson).

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი