საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

ზურაბ ნოღაიდელი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი2007 წლის 14 ნოემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულა გიულთან, სახელმწიფო მინისტრთან კურსად თუზმენთან, დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერთან კორსან ტოპთანთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან.

შეხვედრებზე განხილული იყო კონკრეტული საკითხები, განსაკუთრებით კი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა. პრაქტიკულად დასრულდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში, როდესაც საქართველოში გაიმართება ახალქალაქი - ყარსის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობის დაწყების ცერემონია, ხელი მოეწერება თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებს.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ,,ეს საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად განვითარდეს როგორც სავაჭრო, ისე, ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ველოდებით დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მიღებას თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის განვითარებას". მისივე თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ახალი ბაზრის მოპოვება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის ბაზარი დაკეტილია, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. სწორედ ასეთი გახდება თურქეთის ბაზარი საქართველოსათვის ამ შეთანხმების შემდეგ.

შეხვედრებზე აგრეთვე განიხილეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხიც. ამ მხრივ თურქეთის პოზიცია უცვლელია. იგი მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობასა და კონფლიქტების გადაწყვეტას ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, რასაც ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს მხარე ელის, რომ თურქეთმა, შესაძლოა, უფრო აქტიური შუამავლის როლი შეასრულოს საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტაში.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვა წარმოთქვა თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (TOBB) მიერ ორგანიზებულ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი