საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

27 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველოს აზერბაიჯანული გაზით მომარაგების საკითხი, ასევე ყარსი-ახალქალაქის პროექტის მიმდინარეობა. სხდომის შემდეგ ხელი მოეწერა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის ოქმს.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი მომავალი წლიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი და შესაძლოა ერთადერთი მომწოდებელი გახდეს, რის შედეგადაც საქართველო აღარ იქნება ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე: ,,აზერბაიჯანი მომავალი წლიდან გახდება საქართველოს გაზის მთავარი მომწოდებელი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მოლაპარაკების შედეგით. გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს ენერგეტიკული რესურსების მოწოდების დივერსიფიკაციისკენ", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი