საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

2006 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ეუთოს სხდომაზე დასასწრებად ერთდღიანი ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ეუთოს მუდმივი საბჭოს წინაშე. სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა. იგივე საკითხები განიხილეს ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.

ზურაბ ნოღაიდელმა წაიკითხა ლექცია ვენის დიპლომატიურ აკადემიაში. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე და საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე, პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა მიღება, სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა ავსტრიული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუები დაიბეჭდა ავსტრიის ყველა წამყვან გაზეთში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი