საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის კანცელარიაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით თათბირი გაიმართა
მთავრობის კანცელარიაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონთან დაკავშირებით თათბირი გაიმართა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა შეხვედრის მონაწილეების წინაშე მიმოიხილა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, ყურადღება დაუთმო გამარტივებული შესყიდვის წესსა და პირობებს. მომხსენებელი აგრეთვე შეეხო ელექტრონულ ტენდერს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აღნიშნულის შემდეგ ტ. ურჯუმელაშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ გიორგი წიკლაურმა დამსწრეთ გააცნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონული ვებ-გვერდი - www.matsne.gov.ge. აღინიშნა, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ზემოხსენებულ ვებ-გვერდზე ნორმატიული აქტის განთავსება 2011 წლის 1 იანვრიდან ჩაითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად. სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, რომ სურვილის შემთხვევაში საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლები საიტის მოხმარების თაობაზე შესაბამის ტრენინგებს ჩაუტარებენ სამინისტროების დაინტერესებულ თანამშრომლებს. შეხვედრა შეაჯამა მთავრობის კანცელარიის უფროსმა დ. კერესელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ფრიად სასარგებლოა ცალკეული ნორმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიანად გასატარებლად.
|