საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა
2022-02-11 საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. უწყებათაშორისი კომისია მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 28 ივლისს შეიქმნა. კომისიამ ინტენსიურ რეჟიმში იმუშავა პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლის, ასევე ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი საკონკურსო პირობები შეიმუშავა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|