საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე
2018-12-10 პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად, ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში". განსაკუთრებით აქტუალურია ეს პროექტი რეგიონებში. იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, მიკროგრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|